საქართველოს ფოსტამ მონაწილეობა მიიღო “WCA eCommerce Solutions”-ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის ივნისში, ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.
კონფერენცია ელექტრონული კომერციისა და საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელექტრონული კომერციის, საკურიერო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. კონფერენციის მთავარი თემები მოიცავდა ელექტრონული კომერციის განვითარებას, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების ეფექტურ მართვასა და თანამედროვე ლოგისტიკური გადაწყვეტილებების დანერგვას.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, სადაც თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ახალი ბაზრების ათვისების პერსპექტივები და რეგიონალური ლოგისტიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებები განიხილეს.
ამასთან, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ისაუბრა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლზე, შუა კორიდორის მზარდ მნიშვნელობასა და ელექტრონული კომერციის განვითარების ტენდენციებზე. დისკუსიის ფარგლებში მან ასევე წარადგინა საქართველოს ფოსტის ლოგისტიკური შესაძლებლობები და საერთაშორისო ქსელი, რომლებიც კომპანიის კონკურენტულ უპირატესობებს ქმნის.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში თანამედროვე ტენდენციების გაცნობის თვალსაზრისით. კომპანია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ხელს უწყობს როგორც მისი პოზიციების განმტკიცებას, ისე საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.