ერთი მხრივ, შპს „საქართველოს ფოსტა“ (ს/ნ: 203836233; მის: სადგურის მოედანი №2, 0100, ქ. თბილისი, საქართველო; ელ. ფოსტა: info@gpost.ge; ტელ: 0322240909; ციფრული სერვისების პლატფორმა: www.gpost.ge ) (შემდეგში - „კომპანია“),
და
მეორე მხრივ, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდეგში - „მომხმარებელი“), რომელიც რეგისტრირებულია ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge,
დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას კომპანიის ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით ხელმისაწვდომი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის მიზნით.
გაფრთხილება: ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge რეგისტრაციას ექვემდებარება სრულწლოვანი ფიზიკური პირი.
1. ხელშეკრულების საგანი და მისი მოქმედების ზოგადი პირობები
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შემდეგი სახის პროდუქტების/სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა:
1.1.1. გზავნილის წინასწარი რეგისტრაცია;
1.1.2. გზავნილის გადამისამართება /ადრესატის მისამართის/ვინაობის ცვლილება;
1.1.3. გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისი;
1.1.4. ადგილობრივი გზავნილი „სახლიდან სახლში“;
1.1.5. გზავნილის შენახვის ვადის გაზრდა;
1.1.6. ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისათვის ვადაზე ადრე დაბრუნება;
1.1.7. გზავნილის არქივიდან გამოთხოვა;
1.1.8. ცნობა საფოსტო მომსახურების ფაქტის დადასტურების შესახებ;
1.1.9. განსაბაჟებელი ამანათის დისტანციური დეკლარირება;
1.1.10. დამატებითი ექსპერტიზის მოთხოვნა;
1.1.11. ონლაინ მაღაზია (მარკები, საფოსტო ბარათები, კონვერტები, შესაფუთი მასალები).
1.2. ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის წინაპირობაა მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმაზე www.gpost.ge რეგისტრაცია და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) დათანხმება.
1.3. რეგისტრაციის ფარგლებში იხსნება მომხმარებლის პირადი ანგარიში, რა მიზნითაც ივსება შემდეგი ველები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პაროლი, პაროლის დადასტურება. ელექტრონული ფოსტის მისამართზე ავტორიზაციის მიზნით მომხმარებელი იღებს შესაბამის წვდომის კოდს, ხოლო მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი კოდი ემსახურება ტელეფონის ნომრის დაზუსტებას.
1.4. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის ავტორიზაციის პარამეტრები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი).
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს აქვს წვდომა მომხმარებლის ანგარიშზე, ივარაუდება, რომ ის მოქმედებს სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში და კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შესაძლო ზიანზე.
1.5. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი პერიოდული განახლება. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ ზიანზე.
1.6. პაროლის აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ფუნქციონალის საშუალებით, სადაც მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე იგზავნება ერთჯერადი ბმული, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას.
1.7. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლის მიერ შესაბამისი პროდუქტების/სერვისების არჩევის, შეკვეთის განთავსებისა და საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შედეგად იდება დისტანციური ხელშეკრულება, რაც კომპანიის მხრიდან შესაბამისი შესრულების დაწყების საფუძველია.
1.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) დათანხმებით მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, აგრეთვე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა, მომხმარებლის მიერ პირად კაბინეტში პირველადი შესვლის ეტაპზე გაცნობის შემდეგ, წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.9. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესები და პირობები (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.10.კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის გარდა ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ონლაინ კონსულტაცია ე.წ. chat box-ის ფუნქციონალის გამოყენებით, აგრეთვე წარუდგინოს კომპანიას რეკლამაცია (პრეტენზია) „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული წესის შესაბამისად.
გაფრთხილება: დისტანციური ხელშეკრულების დადების მომენტიდან მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებითა და კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. პროდუქტების/სერვისების საფასური და ანგარიშსწორების წესი
2.1. მომხმარებლის მიერ ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით შესაბამისი პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის სანაცვლოდ.
2.2. ციფრული სერვისების პლატფორმის www.gpost.ge მეშვეობით კომპანიის პროდუქტებით/სერვისებით სარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება მომხმარებლის ბალანსის შევსების ფუნქციონალის საშუალებით (რომელსაც იგი ავსებს წინასწარ, როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით და შემდეგ თავად ახდენს საფასურის გადახდას, რადგან ბალანსიდან მომსახურების საფასურის ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება) ან საბანკო ბარათიდან გადარიცხვით, რომელიც შესაძლებელია შეკვეთაში არსებული „გადახდის“ ღილაკის საშუალებით (მომხმარებელს შეჰყავს საბანკო ბარათის მონაცემები და თავად ახდენს თანხის გადახდას).
გაფრთხილება: მომხმარებლის ბალანსზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია რეკლამაციის განაცხადისა და საგადახდო დავალების წარმოდგენის საფუძველზე, რომლითაც დგინდება მომხმარებლის ბალანსის განმცხადებლის მიერ შევსების ფაქტი.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. მომხმარებელს უფლება აქვს:
3.1.1. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდება;
3.1.2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად მოითხოვოს კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია:
3.2.1. გზავნილის სპეციფიკის გათვალისწინებითა და უსაფრთხო მიწოდების მოთხოვნების დაცვის მიზნით უზრუნველყოს, რომ გზავნილი სათანადოდ იყოს შეფუთული;
3.2.2. არ გააგზავნოს აკრძალული ნივთები;
3.2.3. საფრთხის შემცველი გზავნილის არსებობისას გააფრთხილოს კომპანია საფრთხის ზუსტ სახეობასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებზე მითითებით;
3.2.4. დროულად მიაწოდოს კომპანიას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო სრული და უტყუარი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აგრეთვე საბაჟო ფორმალობებისა და სხვა მოქმედებების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
3.2.5. დროულად და სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური;
3.2.6. სრულად აანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანი.
3.3. კომპანიას უფლება აქვს:
3.3.1. უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
3.3.2. გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გაუვნებელყოს გზავნილი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამასთან, ამ შემთხვევაში კომპანია თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან;
3.3.3. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის/სერვისის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა;
3.3.4. მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდა;
3.3.5. მოითხოვოს მომხმარებლის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3.4. კომპანია ვალდებულია:
3.4.1. მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი/მომსახურება, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს ან/და არ არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
3.4.2. აუნაზღაუროს მომხმარებელს მიყენებული ზიანი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის შეძენის პირობები, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი პროდუქტის დაბრუნების წესი
4.1. ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მას შესაბამისი პროდუქტის ფასის გარდა, ეკისრება პროდუქტის ადგილზე მიწოდებისათვის გათვალისწინებული დამატებითი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ პროდუქტის ადგილზე მიწოდებას უზრუნველყოფს კომპანია.
4.2. მომხმარებელს, რომელიც ფიზიკურია პირია და ონლაინ მაღაზიაში იძენს პროდუქტს უპირატესად პირადი გამოყენების მიზნით, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 4.6. პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. ეს ვადა აითვლება:
4.2.1. მომხმარებლის მიერ პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან;
4.2.2. მომხმარებლის მიერ პროდუქტის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში - მომხმარებლის მიერ ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან.
4.3. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში რეკლამაციის განაცხადით დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი პროდუქტის უკან დაბრუნების თაობაზე. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
4.4. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
4.4.1. კომპანიას დაუბრუნოს პროდუქტი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
4.4.2. გასწიოს პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი;
4.4.3. სრულად დააბრუნოს პროდუქტი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
4.5. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
4.5.1. მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან; ამასთან, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს პროდუქტის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება;
4.5.2. მომხმარებელს თანხა აუნაზღაუროს რეკლამაციის განაცხადში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
4.6. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, როდესაც:
4.6.1. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
4.6.2. მიწოდებული პროდუქტი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა პროდუქტს ან პროდუქტის ფასი შემცირდა მისი სხვაგვარი სარგებლობის შედეგად;
4.6.3. მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
4.6.4. შეძენილი პროდუქტის/მომსახურების ფასი 30 ლარს არ აღემატება.
4.7. ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემისას მასზე გადადის მისი შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.
4.8. თუ პროდუქტი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (პროდუქტის შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
4.9. კომპანია ვალდებულია ნაკლის მქონე პროდუქტი მომხმარებლის მოთხოვნით შეცვალოს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება პროდუქტის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს პროდუქტი შეიძინა. პროდუქტის შეცვლა გულისხმობს კომპანიის მიერ ყველა ხარჯის გაწევას, რომლებიც საჭიროა პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
4.10. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
4.10.1. პროდუქტის შეცვლა შეუძლებელია;
4.10.2. კომპანიამ პროდუქტი გონივრულ ვადაში არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
4.10.3. კომპანიის მიერ პროდუქტის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
4.11. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.12. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ პროდუქტის ნაკლი უმნიშვნელოა.
5. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები შესაბამისი მომსახურების მიწოდებისას გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული) დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურებისას
5.1. კომპანია პასუხისმგებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მომხმარებლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით, მათ შორის, „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული პირობების შესაბამისად და არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლისათვის მიყენებული შესაძლო არაპირდაპირი ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.
5.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის გათვალისწინებით, კომპანია ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი არაუმეტეს „მომხმარებლის სახელმძღვანელოში“ მითითებული ოდენობით, რომელიც წარმოიშობა მისი ბრალით გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული) დაკარგვის, გზავნილის შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან განადგურების შედეგად, თუ არ არსებობს კომპანიის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება:
5.2.1. თუ გზავნილი ჩაბარებულია კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
5.2.2. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლისგან მიღებული არასწორი ან/და არასრული ინფორმაცია;
5.2.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში;
5.2.4. შემთხვევებში, როცა კომპანიას არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურებრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურების გამო;
5.2.5. თუ გზავნილის დაკარგვა ან მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის თვისებებით;
5.2.6. იმ გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს გასაგზავნად აკრძალულ ნივთებს;
5.2.7. თუ გზავნილი არასათანადოდ არის შეფუთული;
5.2.8. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის, ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);
5.2.9. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია მისი შიგთავსის დაზიანება;
5.2.10. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია;
5.2.11. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;
5.2.12. თუ გზავნილის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);
5.2.13. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;
5.2.14. „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრული სხვა გარემოების არსებობისას.
6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
6.1. მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულების, „მომხმარებლის სახელმძღვანელოსა“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება/დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დამატებითი პირობები
7.1.მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია ვალდებულებას იღებს მხოლოდ იმ პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე, რაც განსაზღვრულია და სათანადოდ მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
7.2. კომპანია უფლებას იტოვებს მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესები და პირობები, აგრეთვე კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული „მომხმარებლის სახელმძღვანელო“ და ინფორმაცია შესაბამისი პროდუქტების/სერვისების შესახებ, მათ შორის, პროდუქტების/სერვისების საფასურისა და სხვა დამატებითი ხარჯების, პროდუქტების/სერვისების მიწოდების ვადებისა და სხვა პირობების შესახებ, რა შემთხვევაშიც ცვლილება ძალაშია კომპანიის ვებგვერდზე განთავსების დღიდან. ამასთან, უკვე განთავსებული შეკვეთების მიმართ მოქმედებს შეკვეთის განთავსების მომენტში მოქმედი წესები და პირობები.