„საქართველოს ფოსტამ“ მომხმარებელთა მომსახურების სფეროში საერთაშორისო „ოქროს ჯილდო“ მოიპოვა
„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელთა მომსახურების გლობალური სისტემის მონაცემების მიხედვით „Gold Award Customer Service Excellence-ის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
ჯილდო გაიცემა იმ საფოსტო ოპერატორებზე, რომლებიც გამოირჩევიან მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით, მოთხოვნების მართვის მაღალი სტანდარტითა და მათზე ეფექტური რეაგირებით. „საქართველოს ფოსტამ“ ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება 97.41% -ით შეძლო, რაც მომხმარებელთა მომსახურების გლობალური სისტემის შეფასების მიხედვით ოქროს ჯილდოს მოპოვების საფუძველი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა მომსახურების გლობალურ სისტემას ოპერირებას უწევს საერთაშორისო ორგანიზაცია „PRIME“, რომლის წევრებიც მსოფლიო საფოსტო კავშირის 160 წევრი სახელმწიფოს ეროვნული საფოსტო ოპერატორები არიან.
„საქართველოს ფოსტისთვის“ აღნიშნული აღიარება ადასტურებს კომპანიის ერთგულებას მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის განვითარების მიმართ.
კომპანია აგრძელებს მომსახურების პროცესების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებას, რაც მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფ, ეფექტურ და საიმედო სერვისს უზრუნველყოფს.