„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მაისი 01, 2026
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
 
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საიუბილეო საფოსტო მარკის ესკიზის, საკოლექციო მონეტის და ფოტოალბომის „ივანე ჯავახიშვილი 150“ წარდგენა გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა. ღონისძიებას უმასპინძლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.
 
ღონისძიებაზე წარდგენილ იქნა ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საფოსტო მარკის ესკიზი, რომლის კონცეფციასა და თემატური გეგმის შემუშავებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს - ეროვნული საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედმა კომისიამ იმუშავა. აღსანიშნავია, რომ კომისია სხვადასხვა უწყებისა და პროფესიის 20-მდე წარმომადგენელს აერთიანებს და საფოსტო მარკების გამოცემის მაღალი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
ღონისძიებაზე ასევე ოფიციალურად დაანონსდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკოლექციო, 1 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვება. როგორც აღინიშნა, საიუბილეო მონეტა დიდი მეცნიერის მემკვიდრეობისა და ეროვნული საგანმანათლებლო ისტორიის დაფასების მნიშვნელოვანი გამოხატულება იქნება.