სიახლეები

საქართველოს ფოსტის რიგით მეოთხე წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული

20 მაისი

„წარმოიდგინე, რომ  ხარ გაეროს ახალი  გენერალური  მდივნის  მრჩეველი;  პირველ  რიგში  მსოფლიოში  არსებული  რომელი  პრობლემის  დაძლევაში  გაუწევდი  მას  დახმარებას  და  რას ურჩევდი  ამ  პრობლემის  გადაჭრასთან  დაკავშირებით?

- ამ სათაურით 500 - მდე წერილი დაიწერა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

მსოფლიო საფოსტო კავშირის ოფისში ქალაქ  ბერნში  საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ წერილებს შორის  წელს საქართველოდან 14  წლის  ანა გოგიას წერილი  მოხვდება.

 

გაეროს გენერალურ მდივანს _ ანტონიო გუტერეშს!

მოგესალმებით, ბატონო ანტონიო!

თითქმის არ არსებობს მსოფლიოში პრობლემა, რომელსაც გაერო არ შეხებია და შეძლებისდაგავარად აგვარებს კიდეც. ჩემთვის სასიხარულოა, რომ თქვენ 2005 წლიდან, გაეროს უმაღლესი კომისარი ხართ ლტოლვილთა საკითხებში, დიდი ხანია ფიქრობთ იმ თემებზე, რომელიც მე და ჩემს ოჯახს უკვე 25 წელია გვაწუხებს. ალბათ მიმიხვდით, ჩვენ დევნილები ვართ! დევნილები ვართ საქართველოს ულამაზესი კუთხიდან_აფხაზეთიდან, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის.

მე დევნილობაში გავჩნდი, ისევე როგორც ჩემი და-ძმა. ჩვენი ოჯახისთვის უცხო არ არის დევნილთა ტკივილი, უსახლკარობა, უმძიმესი ეკონომიკური პირობები, ახალ ადგილზე ადაპტაცია...

მამა ყოველდღე გვიყვება, თუ როგორი ლამაზი იყო ქალაქი გაგრა, როგორი ეზო გვქონდა, სად იდგა ცაცხვის ხე, ციტრუსების ბაღი, როგორ ჩადიოდა მზე ზღვაში... და მამა ბოლოს ასე ასრულებს_“ეს იყო მიწიერი სამოთხე დედამიწაზეო“.როდესაც გვეკითხებიან, თუ საიდან ვართ, ვპასუხობთ_ აფხაზეთიდან, თუმცა ჯერ იქ ფეხიც არ დაგვიდგამს. მამა დღემდე იმ იმედით იღვიძებს, რომ გათენდება ის ნანატრი დღე, როდესაც ჩვენს მიწაზე დავბრუნდებით...

ჯერ მხოლოდ 14 წლის ვარ, „გიმნაზიისმე_9 კლასის მოსწავლე, .. თინეიჯერულ ასაკში, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე არასასურველი პროცესების გამო, თავს ვალდებულად ვთვლი, ისევე როგორც გაეროს სხვა წევრები, ჩემი წვლილი შევიტანო მსოფლიოს განვითარებასა და მის უკეთესობისკენ სწრაფვაში, უფრო კონკრეტულადკონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის დამყარებაში“.(უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ეს საპასუხისმგებლო მოვალეობა დამეკისრა, უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან მძიმე ტვირთია, ძილი და მოსვენება დავკარგე, როდესაც საქმე მსოფლიოს მომავალს ეხებათითოეულ ინიციატივას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, ბედნიერად ჩავთვლიდი თავს, თუ მომეცემოდა საშუალება პირადად მესაუბრა თქვენთან ამ საკითხებზე, რადგან ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი... )

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 65 მილიონი დევნილია! მათი რიცხვი სამწუხაროდ იზრდება!!!

ალბათ, სწორი არ იქნება, კონფლიქტში ვინ არის დამნაშავე და ვინ მართალი, ამის გარკვევა, რადგან ალბათ, ორივე მხარე დამნაშავეა!

სად არის ხსნა?!

დედაჩემი მასწავლებელია და ყოველთვის მეუბნება: „ისწავლე, ანა , მხოლოდ განათლებას შეუძლია ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა, თუ მსოფლიოს ყველა კუთხეში, თითოეულ მცხოვრებს ექნება განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა, უამრავი პრობლემა მოგვარდება“. ყველა ადამიანს აქვს განათლების უფლება, თუმცა...

თუ გაერო იზრუნებს ყველა ადამიანის ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაზე, სამყარო სრულყოფილი გახდება!

როგორ განვახორციელოთ?

გაეროს ინიციატივით შეიქმნას პროგრამა_„განათლების ელჩები“. უფრო კონკრეტულად: განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებმა, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, (განსაკუთრებით მათ, ვისაც პედაგოგიურ განათლება აქვთ) აიღონ მოქალაქეობრივი ვალდებულება, გახდნენგანათლების ელჩებიგანვითარებად ქვეყნებში, მიუძღვნან თავიანთი ცხოვრების 9 თვე მსოფლიოსთვს სავალდებულო სამსახურს, (ამ ადამიანების მოტივაციისთვის, მსოფლიო ბანკმა დააფინანსოს მათი შემდგომი განათლება მაგისტრატურაში). გაერომ უზრუნველყოს (მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით) ამ ქვეყნების მომარაგება სახელმძღვანელოებითა და სასწავლო რესურსებით.

დღეს სწორედ ის დროა , როცა მსოფლიოს დაცვა, გადარჩენა, არა იარაღით, არამედ ცოდნითა და განათლებით არის შესაძლებელი. განათლება არის სიკეთე, კეთილი ადამიანი კი ომს არ დაიწყებს. ეს იქნება ომის პრევენციული ღონისძიება! ხოლო მაშინ, როდესაც კონფლიქტი მიმდინარეობს და ხსნა არსაიდან  ჩანს, როცა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ავირჩიოთ სიკეთე, სიკეთის გზა, რადგან სიკეთე ყველაფერზე მაღლა დგას! გამარჯვებული რომ იყოს ყველგან, სიკეთეს აქვს ამის ძალა!

20 ივნისი, გაეროს ინიციატივით, ლტოლვილტა საერთაშორისო დღეა. იყოს ეს დღე სიკეთის დღეც. სიკეთე კაშკაშა მზეა, რომლის სხივებიც დედამიწის ყველა კუთხემდე მიაღწევს და გაანათებს, რათა გადაარჩინოს კაცობრიობა!

სიკეთეს უდიდესი  ძალა აქვს. ამიტომ წერდა ქართველი პოეტი ილია ჭავჭავაძე:

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,

ერიდე სისხლით ზღვევასა,

სულგრძელობითა სძლევა სჯობს,

ვაჟკაცობითა ძლევასა.“

მე, მთელი ჩემი  გრძნობითა და გონებით ვფიქრობ, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ განათლებასა და სიკეთის კეთებაშია!

დიდი მადლობა, ბატონო ანტონიოთქვენ მიერ გაწეული შრომისათვის _ მშვიდობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში. თქვენი ძალისხმევით, იმედია, მომავალი თაობები აღარ იგრძნობს იმ ტკივილს, რასაც ჩემი ოჯახი და მილიონობით ადამიანი განიცდის!

გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუღიმოთ, ჩავეხუტოთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვაკეთოთ სიკეთე და მშვიდობაც დამყარდება!

უკეთესი მომავლის სურვილითა და დიდი პატივისცემით გემშვიდობებით, ბატონო ანტონიო!

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის

 დამყარების მიმართულებით

 

 ანა გოგია 14 წლის

10/04/2017

 

P.S. მოხარული ვიქნები, თუ გაეროს ტრიბუნიდან ყველას მიაწვდენთ დევნილ ბავშვების ხმასგვინდა ვიცხოვროთ სიცოცხლის სიყვარულითა და არა ომის შიშით!!!“